თანამედროვე მსოფლიო ცხოვრობს უდიდესი ტექნოლოგიური ძვრების პირობებში.აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ციფრული ტექნოლოგიების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების, განსაკუთრებით კი ინტერნეტის დანერგვამ შესაძლებელი გახადა არნახული სისწრაფით ინფორმაციის მოპოვება/გავრცელება მთელი პლანეტის მასშტაბით, რამაც დასაბამი მისცა უპრეცედენტო გლობალურ სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს. შესაძლებელი გახდა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა კუთხის ურთიერთდაკავშირება და სწრაფი ინტეგრაციული პროცესების განვითარება. ეს კი უშუალო ზეგავლენას ახდენს ქვეყნების ყოველდღიურ ცხოვრებაზე; ხელს უწყობს ადამიანების მიერ ახალი ტიპის გაერთიანებების, ასოციაციების შექმნას რაც, ახლო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად შეცვლის სახელმწიფოთა მართვისა და მოწყობის პრინციპებსა თუ შინაარს.
19-ე საუკუნის ტექნოლოგიურმა გადატრიალებებმა ენერგეტიკასა და გადამუშავების სფეროებში შეცვალა დასავლეთის სახელმწიფოები. მოხდა მათი ტრანსფორმაცია აგრარული ტიპის საზოგადოებიდან ინდუსტრიულ სახელმწიფო მოწყობად. 20-ე საუკუნის 60-იანი წლებიდან ტექნოლოგიური რევოლუციის ახალმა ტალღამ ციფრული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო გამოგონებების სფეროში დაასრულა დასავლეთის ქვეყნებში ინდუსტრიული ეპოქა და ის პოსტინდუსტრიულ, “საინფორმაციო საზოგადოებად" შეცვალა. `საინფორმაციო საზოგადოების" ერთ-ერთ წამყვან ფაქტორად იქცა ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლა. ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის უდიდესი წილი ეფუძნება არა ინდუსტრიულ სექტორს (როგორც ეს ინდუსტრიულ ეპოქაში იყო), არამედ მომსახურების სფეროს, კერძოდ კი, საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოებასა და მომსახურებას.
ტექნოლოგიურმა ძვრებმა შეცვალა არა მარტო ეკონომიკის, არამედ საზოგადოების სოციალური შემადგენლობაც, რამაც ახალი გამოწვევებისა და ამოცანების წინაშე დააყენა ქვეყნების პოლიტიკური სისტემები და მათი მმართველობის რეჟიმები. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების უპრეცედენტო ზრდის შედეგია ციფრული დემოკრატიისა და ელექტრონული მმართველობის დამკვიდრება დასავლეთის სახელმწიფოებში.
No comments:
Post a Comment